⭐Astronomy სამეცნიერო სტატია

45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი ფეთქდება - აი, როგორ შეგიძლია მისი ნახვა

9/13/2026 02:04:00 AM GEORGE DADVANI მზადდება...
კითხვის პარამეტრები
კითხვის რეჟიმი კომფორტული ტექსტი
გალაქტიკა NGC 7331-ში ახლად აღმოჩენილი la ტიპის სუპერნოვა SN 2026aaiv მოყვარულ ასტრონომებსა და ასტროფოტოგრაფებს სთავაზობს იშვიათ შესაძლებლობას დააკვირდნენ ფეთქებად ვარსკვლავს, სანამ ჩაქრება.


შორეულ გალაქტიკაში უჩვეულო აფეთქებადი ვარსკვლავი შენიშნეს;
ასტროფოტოგრაფები კი ჩქარობენ, რათა აღბეჭდონ იგი, სანამ ხედვის არეალიდან გაქრება.

სუპერნოვა, სახელწოდებით SN 2026aaiv-ი, პირველად 1-ელ სექტემბერს ATLAS-ის კვლევითი პროგრამის ფარგლებში დააფიქსირეს. 

ის მდებარეობს NGC 7331-ში (იგივე Caldwell 30) - სპირალურ გალაქტიკაში, რომელიც პეგასის თანავარსკვლავედში, დედამიწიდან დაახლოებით 45 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და ხილვადია როგორც ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან, ისე სამხრეთ ნახევარსფეროდან.

ამგვარად, აღნიშნული სუპერნოვა შესანიშნავ სამიზნეს წარმოადგენს მთელი მსოფლიოს მოყვარული ასტროფოტოგრაფებისა და ასტრონომებისთვის, რომელთაც სურთ, ფოტოზე აღბეჭდონ ეს იშვიათი მოვლენა.

ასობით ასტროფოტოგრაფმა უკვე აღბეჭდა ეს მოვლენა.
მათ შორისაა ენდრიუ მაკკარტიც, რომელმაც 7 სექტემბერს Instagram-ზე გამოაქვეყნა ფოტო და თან დაურთო კომენტარი:

    "ბედის ირონიაა - ვმუშაობდი ამ გალაქტიკასთან დაკავშირებულ მასშტაბურ პროექტზე და სუპერნოვაც დავაფიქსირე". 

100-საათიანი პროექტის ფარგლებში, მან 4 საათის განმავლობაში აგროვა მონაცემები - ორი საათი სუპერნოვას გამოჩენამდე და ორიც - მისი გამოჩენის შემდეგ.


 

ასევე, მოვლენა დააფიქსირა ტომ მასტერსონმა, მაუნთ-უილსონის ობსერვატორიის ოპერაციების მენეჯერმა, 10 სექტემბერს 60-დუიმიანი ტელესკოპის გამოყენებით.


რა დაგჭირდებათ SN 2026aaiv-ის მოსაძებნად

2026 წლის 11 სექტემბრის მონაცემებით, SN 2026aaiv-ის სიკაშკაშე 15.7 მაგნიტუდას შეადგენს.

ის შედარებით მკრთალია, თუმცა მისი სიკაშკაშე კვლავ ზრდადია.

ინტერნეტში გავრცელებული ფოტოების უმეტესობა გადაღებულია დიდი პროფესიონალური ან ბნელ ადგილებში განლაგებული დისტანციური მართვის ტელესკოპებით. 

მიუხედავად ამისა, SN 2026aaiv-ის პოვნა და გადაღება შედარებით მოკრძალებული აღჭურვილობითაც არის შესაძლებელი. 

გალაქტიკა NGC 7331-ის დასანახად ტელესკოპი ან დიდი ბინოკლი დაგჭირდებათ, თუმცა უშუალოდ სუპერნოვაზე დაკვირვება გაცილებით რთულია. 

SN 2026aaiv-ის დანახვის შანსის გასაზრდელად რეკომენდებულია დიდი ტელესკოპის გამოყენება (დამკვირვებლებმა მისი ხილვა 14-დუიმიანი შმიდტ-კასეგრენის სისტემის ტელესკოპით დაადასტურეს). 

გამოიყენეთ "გვერდითი ხედვის" მეთოდი: მიმართეთ მზერა გალაქტიკის ბირთვის ოდნავ გვერდით, რათა სინათლის მიმართ უფრო მგრძნობიარე თვალის რეცეპტორებმა შეძლონ მკრთალი დეტალების აღქმა.

ყველაზე მარტივი გზა "ჭკვიანი" ტელესკოპის გამოყენებაა, რომელსაც შეუძლია სწრაფად იპოვოს და გადაიღოს მასპინძელი გალაქტიკა NGC 7331.

Facebook-ზე Seestar-ის (ZWO-ს ოფიციალური ჯგუფი) ინფორმაციით, Seestar S50-ის მომხმარებლებმა შეძლეს SN 2026aaiv-ის გადაღება დაახლოებით ორი საათის განმავლობაში 10-წამიანი ექსპოზიციების გამოყენებით.

რა ვიცით SN 2026aaiv-ის შესახებ

SN 2026aaiv არის Ia ტიპის სუპერნოვა - კატასტროფული აფეთქება, რომელიც მაშინ ხდება, როდესაც ორობით ვარსკვლავურ სისტემაში მყოფი თეთრი ჯუჯა თავისი თანამგზავრი ვარსკვლავისგან იმდენ მასალას იღებს, რომ ეს უკონტროლო თერმობირთვულ რეაქციას იწვევს და თავად თეთრ ჯუჯას ანადგურებს. 

აღსანიშნავია, რომ იმავე გალაქტიკაში, 2025 წლის 14 ივლისს, Ia ტიპის კიდევ ერთი სუპერნოვა - SN 2025rbs აღმოაჩინეს.

NGC 7331, რომელიც "ჰაბლის" კოსმოსურმა ტელესკოპმა 2018 წელს გადაიღო, პირველად 1784 წელს ბრიტანელმა ასტრონომმა უილიამ ჰერშელმა აღმოაჩინა.

მან აღწერა შორეული კოსმოსის 2500-ზე მეტი ობიექტი და აღმოაჩინა ურანი და მისი ორი უდიდესი თანამგზავრი. 

NGC 7331 ზომით, ფორმითა და მასით ირმის ნახტომს ჰგავს.



Image: NASA/JPL-Caltech/M. Regan (STScI), and the SINGS Team / Daniel Bramich (ING) and Nik Szymanek

მიჰყევი ჩვენს გალაქტიკას დაგვიმეგობრდი სოციალურ ქსელებში
სტატია თითქმის დასრულებულიაწაიკითხე სტატიის უმეტესობა, რათა დასრულებად მონიშნო.
შემდეგი ორბიტა

გააგრძელე აღმოჩენა

დაუბრუნდი ამ თემას, აღმოაჩინე დაკავშირებული მასალა ან გადადი ინტერაქტიულ კოსმოსურ გამოცდილებაზე.